ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

უსაფრთხოების წესები ანგარიშებისა და პაროლებისთვის

თქვენი ანგარიშების დაცვა არ უნდა იყოს რთული — Firefox დაგეხმარებათ.

თქვენი სისტემა შესაძლოა Firefox-ის მოთხოვნებს არ ექვემდებარებოდეს, მაგრამ შეგიძლიათ ამ ვერსიებიდან ერთ-ერთი ცადოთ:

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი

თანდათან კიდევ უფრო მეტ მნიშვნელოვან და ღირებულ მონაცემებს ვინახავთ პაროლიან ანგარიშებზე — სასიყვარულო წერილებს, სამედიცინო ჩანაწერებს, საბანკო ანგარიშებს და ა. შ. ვებსაიტები საჭიროებს შესვლის დამოწმებას მათი უსაფრთხოებისთვის. წესით, ვინც ვერ შევა თქვენს ანგარიშზე, ის ვერ წაიკითხავს თქვენს ელფოსტას და ვერც ფულს გადარიცხავს თქვენი ბანკიდან. როგორც ინტერნეტმომსახურებების მომხმარებლებმა, როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ანგარიშები?

უფრო მოკლედ

  • გამოიყენეთ შემთხვევითი პაროლები და სხვადასხვა პაროლი თითოეულ საიტზე
  • ყურადღებით და ეჭვის თვალით შეხედეთ ბრაუზერის უსაფრთხოების მანიშნებლებს
  • საიდუმლო კითხვებზე პასუხებიც პაროლზე არანაკლებ რთული მიუთითეთ
  • გამოიყენეთ პაროლების მმართველი, ადვილად შედგენისა და დახსომებისთვის
  • გამოიყენეთ „ორბიჯიანი“ დამოწმება შესვლისას

რთული დროება უდგას პაროლებს

დღესდღეობით, ანგარიშები პაროლებითაა დაცული. თუ შემტევი მოიპოვებს თქვენს პაროლს, წვდომა ექნება იმ ყველაფერთან რაც თქვენს ანგარიშზეა. ასე რომ, როცა საქმე ანგარიშის დაცულობას ეხება, უნდა იფიქროთ პაროლის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის გზა, რომლითაც შემტევს თქვენი ანგარიშის პაროლის ხელყოფა შეუძლია:

  • დაუშიფრავი ვებსაიტიდან ნახვა
  • მიხვედრა ან გამოცნობა
  • პაროლის შემცველი ფაილის მოპარვა
  • პაროლის აღდგენის მეშვეობით მისი განულება
  • მოტყუებით თქმევინება ან გამოძალვა თქვენგან

ანგარიშის დასაცავად, აუცილებელია ამ ყველაფრის რაც შეიძლება მეტად არიდება. თითოეული საფრთხის გასაბათილებლად, შესაბამისი ხერხი არსებობს.

დააკვირდით საკეტის ნიშანს ბრაუზერში

ადვილად დაიცავთ თავს დაუშიფრავი საიტიდან პაროლის ხელყოფისგან: მხოლოდ კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა პაროლის შეყვანა საიტზე, რომელსაც არ აქვს საკეტის ნიშანი მისამართების ველში, ამგვარად:

საკეტი უნდა ჩანდეს საიტის მისამართის გვერდით, მისამართების ველში, ყველა ცნობილ ბრაუზერზე.

ეს საკეტი აღნიშნავს, რომ საიტი იყენებს დაშიფრულ კავშირს, ასე რომ თუ ვინმე თვალს გადევნებთ ქსელში (მაგალითად საჯარო სივრცეში WiFi-ის სხვა მომხმარებელი), იგი ვერ იხილავს თქვენს პაროლს. Firefox შეეცდება გაგაფრთხილოთ, თუ პაროლის დაუშიფრავ საიტზე შეყვანას დააპირებთ.

გადახაზული საკეტი აღნიშნავს, რომ კავშირი არაა დაცული.

ბრაუზერს აგრეთვე შეუძლია გაცნობოთ, რამდენად სანდოა ესა თუ ის საიტი, სიყალბის ასარიდებლად. როდესაც ეწვევით თაღლითობაში შემჩნეულ საიტს, Firefox (და სხვა ცნობილი ბრაუზერებიც) სრულ ეკრანზე ამოგიგდებთ გაფრთხილებას — ყურადღება გამოიჩინეთ და კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ამგვარი საიტის გამოყენება!

Firefox საიტის სანაცვლოდ გამოაჩენს გაფრთხილებას, თუ ეს საიტი თაღლითობაშია შემჩნეული.

ზოგადად, თაღლითობისგან თავის დაცვის საუკეთესო გზაა, ყურადღებით დააკვირდეთ მიღებულ ინფორმაციას, როცა გიგზავნიან ელფოსტით, ტექსტური შეტყობინებით თუ ტელეფონის ზარით. მოწოდებული მითითებებით მოქცევის ნაცვლად, სცადეთ პირდაპირ ეწვიოთ საიტს. მაგალითად, თუ ელფოსტაზე გწერენ, რომ აუცილებლად უნდა გაანულოთ PayPal-ის პაროლი, არ დააჭიროთ ბმულს. თავად აკრიფეთ ხელით paypal.com და ისე შედით საიტზე. თუ ბანკისგან მიიღებთ ზარებს, თავადვე დაურეკეთ ოფიციალურ ნომერზე.

სიძლიერე მრავალფეროვნებაშია

პაროლის გამოცნობისგან, მოპარვისა და განულებისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა, შემთხვევითობით შერჩევაშია. როცა შემტევი ცდილობს გაარტყას პაროლი, აკეთებს ორ რამეს: 1) იყენებს „ლექსიკონებს“ — ხშირად გამოყენებული პაროლების ჩამონათვალს და 2) ცდილობს ვარაუდის საფუძველზე მიხვედრას. პაროლი რაც მეტად გრძელი და შემთხვევითი სახისაა, მით უფრო ნაკლებია შანსი, ამ ხერხების გამოყენებით ვინმემ შეძლოს გამოცნობა.

თუ შემტევი იპარავს პაროლების მონაცემთა კრებულს თავად საიტიდან, რომელსაც იყენებთ (მაგალითად LinkedIn ან Yahoo), აქ უკვე ვერაფერს მოიმოქმედებთ, პაროლის შეცვლის გარდა. ცუდია, თუმცა უარესი შეიძლება იყოს, თუ იმავე პაროლს სხვა საიტებზეც იყენებთ — თავდამსხმელი შეძლებს თქვენი ანგარიშების ხელყოფას სხვა საიტებიდანაც. ზიანის შესამცირებლად, ყოველთვის გამოიყენეთ განსხვავებული პაროლები სხვადასხვა საიტისთვის.

გამოიყენეთ Mozilla Monitor რომ თვალი ადევნოთ თქვენს ანგარიშებზე მიბმულ ელფოსტის მისამართებს. თუ თქვენი ელფოსტა აღმოჩნდება ცნობილ მიტაცებულ მონაცემებში, დაუყოვნებლივ გეცნობებათ, როგორ უნდა მოიქცეთ დაზარალებული ანგარიშების გადასარჩენად და დასაცავად.

საიდუმლო კითხვები: დედაჩემის ქალიშვილობის გვარია „Ff926AKa9j6Q“

დაბოლოს, საიტების უმეტესობა საშუალებას გაძლევთ აღადგინოთ პაროლი დავიწყების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ასეთი სისტემები ითხოვს „საიდუმლო კითხვებზე“ პასუხს, პაროლის გასანულებლად. ამ კითხვებზე პასუხი ისეთივე რთული უნდა იყოს, როგორც თქვენი პაროლია. სხვა შემთხვევაში, შემტევი მის გამოცნობას შეძლებს, პაროლს კი სასურველით ჩაანაცვლებს.

შემთხვევითობა შესაძლოა შეუსაბამო იყოს, ვინაიდან ამგვარი კითხვები უმეტესად ეხება ცნობებს, ადამიანის შესახებ, როგორიცაა დაბადების ადგილი, დღე, ნათესავების სახელები ან სხვა ინფორმაცია, რომლის მოპოვება სოციალური ქსელიდან შეიძლება. თუმცა კარგი ამბავი ისაა, რომ საიტებს არ აღელვებს პასუხი შეეფერება თუ არა სინამდვილეს — შეგიძლიათ მოიტყუოთ! თუმცა ჯობია მოიტყუოთ სასარგებლოდ: საიდუმლო კითხვებზე გაეცით პასუხი, რომელიც იქნება გრძელი და შემთხვევით შედგენილი, თქვენი პაროლების მსგავსად.

დაიხმარეთ პაროლების მმართველი

ეს ყველაფერი მეტად რთული ჩანს. ადამიანის გონება არაა მომართული შემთხვევითი სიმბოლოებისგან შედგენილი გრძელი თანმიმდევრობის დასამახსოვრებლად. სწორედ აქ გვევლინება დამხმარედ პაროლების მმართველები. პირდაპირ ბრაუზერშივე ჩაშენებული ხელსაწყოთი, Firefox შეგეკითხებათ, გსურთ თუ არა განსხვავებული, ჩახლართული პაროლის შედგენა და შემდეგ უსაფრთხოდ შენახვა თქვენი ანგარიშის მონაცემების, რომლებთან წვდომასაც შეძლებთ ნებისმიერ დროს, მისამართზე about:logins.

როცა შეხვალთ Firefox-ში თქვენი Mozilla-ანგარიშით, შეგეძლებათ დაასინქრონება ყველა მოწყობილობაზე და პაროლებთან წვდომა Firefox-ის მობილური ბრაუზერიდანაც კი. იხილეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ჩაშენებული პაროლების მმართველი სრულყოფილად.

ორბიჯიანი დამოწმება შესვლისას (2FA)

2FA მშვენიერი გზაა უსაფრთხოების ასამაღლებლად. ახალი ანგარიშის შექმნისას, ზოგიერთი საიტი გთავაზობთ „მეორე საფეხურის“ დამატებას, შესვლის დასამოწმებლად. უმეტესად, ეს გულისხმობს თქვენი ტელეფონის ნომრის მიბმას ანგარიშზე, ასე რომ როცა შეიყვანთ პაროლს, მოგთხოვთ, მობილურზე გამოგზავნილი კოდის შეყვანას. ასეთ შემთხვევაში, ჰაკერმა თქვენი პაროლის გაგებაც რომ მოახერხოს, მაინც ვერ შევა თქვენს ანგარიშზე, თუ თქვენს ტელეფონთან არ ექნება წვდომა.

მაგალითად, თქვენი Mozilla-ანგარიში-ანგარიშის დასაცავადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ 2FA (ორბიჯიანი დამოწმება), რომლის შესახებაც ვრცლად აქ იხილავთ.

2FA იძლევა გაცილებით მძლავრი დაცვის საშუალებას, ვიდრე მხოლოდ პაროლები, მაგრამ ყველა საიტი არ გთავაზობთ მას. შეგიძლიათ მოიძიოთ იმ ვებსაიტების ჩამონათვალი, რომლებზეც მხარდაჭერილია 2FA, მისამართზე https://twofactorauth.org, ასევე იხილავთ იმ საიტებსაც, რომელთაც არ აქვთ 2FA და გაეცნობით გზებს, როგორ შეგიძლიათ მოითხოვოთ მხარდაჭერის დამატება.

მძლავრი, მრავალფეროვანი და მრავალსაფეხურიანი

კარგია თუ ცუდი, მოგვიწევს პაროლების გამოყენებით დავიცვათ ანგარიშები ინტერნეტში, უახლოესი მომავლის განმავლობაში მაინც. გამოიყენეთ პაროლები, რომლებიც არის ძლიერი და განსხვავებული თითოეულ საიტზე, ამასთან დაიხმარეთ პაროლების მმართველი, ადვილად და უსაფრთხოდ დამახსოვრებისთვის. მიუთითეთ გრძელი, შემთხვევით შედგენილი პასუხები საიდუმლო კითხვებზე (თუნდაც სიმართლეს არ შეესაბამებოდეს). და გამოიყენეთ ორბიჯიანი დამოწმება ყველა იმ საიტზე, რომელზეც მხარდაჭერილია.

დღევანდელ ვებსივრცეში, სადაც ათასობით პაროლს იპარავენ ყოველდღიურად და ანგარიშებით ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია შავ ბაზარზე, ნამდვილად ღირს ძალისხმევის გაღება ინტერნეტცხოვრების დასაცავად. როდესაც სარგებლობთ Firefox-პროდუქტებით, ძალისხმევა ნაწილობრივ შეგიმსუბუქდებათ, ვინაიდან ჩვენი პროდუქტები შექმნილია პირადულობის დაცვის პირობის მიხედვით. შესაბამისად, Firefox ყოველთვის ხელმძღვანელობს Mozilla-ს მიზნებით, არამომგებიანი ორგანიზაციის, რომელიც იბრძვის ინტერნეტის უკეთესი მომავლისთვის.

გაეცანით პირადულობის განაცხადს ჩვენი პროდუქტებისთვის