Mozilla ძირითადი დებულებების დანართი
განაცხადი ინტერნეტის სიჯანსაღის შესახებ
საყოველთაო და გახსნილი ინტერნეტი არის ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მძლავრი საშუალება ურთიერთკავშირისა და ურთიერთანამშრომლობისთვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია კაცობრიობის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი მიზნების ხორცშესხმა. იგი გზას უხსნის შემეცნებას, ურთიერთდახმარებაზე აგებული ადამიანური გარემოს შექმნასა და იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომელსაც ხალხი ყველგან აწყდება.
უკანასკნელ ათწლეულში ჩვენ ვიხილეთ ამ ყველაფრის არაერთი გამოვლინება. აგრეთვე, კარგად ვნახეთ, თუ რა ძალა აქვს ინტერნეტს განხეთქილების წარმოქმნაში, ურთიერთდაპირისპირების, ძალადობის, შუღლის გაღვივებაში და როგორ შეიძლება მისით საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედება. ამასთან, ჩვენ ვისწავლეთ, რომ უფრო მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მისწრაფებები, ინტერნეტის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით. ასეც ვიქცევით.
- ჩვენ ვიღწვით ისეთი ინტერნეტის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც სრულად მოიცავს დედამიწის თითოეულ მოსახლეს — სადაც ცალკეული პიროვნებების ინტერნეტთან წვდომადობას, შესაძლებლობებსა და ხარისხს არ განსაზღვრავს მათი საცხოვრებელი ადგილი.
- ჩვენ ვიღწვით ისეთი ინტერნეტის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, კეთილშობილურ ურთიერთობებსა და პიროვნების თვითდამკვიდრებას საზოგადოებაში.
- ჩვენ ვიღწვით ისეთი ინტერნეტის მხარდასაჭერად, რომელიც აამაღლებს კრიტიკულ აზროვნებას, დასაბუთებული შეხედულებებით მსჯელობას, ცოდნის გაზიარებასა და გადამოწმების ან დამტკიცების შესაძლებლობის მქონე ფაქტების გამოყენებას.
- ჩვენ ვიღწვით ისეთი ინტერნეტისთვის, რომელიც გააუმჯობესებს ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობებს ადამიანთა განსხვავებულ ჯგუფებს შორის, საერთო საზოგადოებრივი სიკეთეების შესაქმნელად.