ჩვენ ხალხს მოგებაზე წინ ვაყენებთ.
ხალხისთვის დღესდღეობით, უმეტეს შემთხვევაში არაა ნათელი, თუ რას უნდა ელოდონ იმ პროგრამებისა და მომსახურებებისგან, რომლითაც სარგებლობენ. ტექნოლოგიები, რომელიც მართავს ჩვენს ცხოვრებას, მეტად მრავალმხრივია და ხალხს არ აქვს საკმარისი დრო, რომ ღრმად გაერკვეს თითოეულ წვრილმანში. ეს ასევე ეხება Firefox-საც, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება და დამოკიდებულება არსებობს, ამ ბრაუზერთან დაკავშირებით.
Mozilla პატივს სცემს და ზრუნავს, თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.
- ჩვენ ვხელმძღვანელობთ პირად მონაცემთა დაცვის საფუძვლებით, რომლებიც გამოხატავს ჩვენს მიდგომას პირადულობის მიმართ, Firefox-ის სამაგიდო და მობილურ ბრაუზერებში.
- ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლებიც საჭიროა საუკეთესო ხარისხის პროდუქტის მისაღებად.
- ჩვენ სრულად გადავცემთ ხალხს, თავიანთი მონაცემებისა და ინტერნეტცხოვრების მართვის სადავეებს.
- ჩვენ მივყვებით წესს — „მოულოდნელობების გარეშე“ და ეს ნიშნავს, რომ მთელი ძალისხმევით ვმუშაობთ, რათა ხალხის შეხედულება Firefox-ის მიმართ, სინამდვილეს სრულად შეესაბამებოდეს.
მოცემული შეკითხვები და პასუხები დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ, თუ რას უნდა მოელოდოთ Mozilla-სა და Firefox-ისგან:
- მე Firefox-ს ვიყენებ თითქმის ყველაფრისთვის ინტერნეტში. თქვენ, Mozilla-ში ჩემ შესახებ, უამრავი რამ იცით, ხომ ასეა?
-
Firefox ბრაუზერი, რომელიც გაშვებულია თქვენს მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე, წარმოადგენს მთავარ გასასვლელს ინტერნეტში. თქვენი ბრაუზერი განკარგავს სრულ ინფორმაციას იმ ვებსაიტებზე, რომელსაც ნახულობთ, მაგრამ ეს ინფორმაცია რჩება თქვენს მოწყობილობაზე. Mozilla, კომპანია რომელიც ქმნის Firefox-ს, არ აღრიცხავს ამ მონაცემებს (თუ თავად არ მოითხოვთ ამას).
- მართლა არ აღრიცხავთ ჩემ მიერ მონახულებული გვერდების ისტორიას?
-
Mozilla-ს იმაზე გაცილებით ნაკლები ინფორმაცია აქვს, ხალხის ინტერნეტში გადაადგილების შესახებ, ვიდრე თქვენ გგონიათ. როგორც ბრაუზერის შემქმნელებისთვის, ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მომხმარებლებს ისეთ ცალკეულ ხელსაწყოებს, როგორიცაა Firefox Pioneer, რომელიც სურვილის შემთხვევაში მათ საშუალებას მისცემს, გაგვიზიარონ თავიანთი მონაცემები, ინტერნეტით სარგებლობის შესახებ. თუ თქვენ დასინქრონებული გაქვთ მონახულებული გვერდების ისტორია სხვადასხვა მოწყობილობებზე არსებულ Firefox-ებს შორის, ჩვენ არც ამ ისტორიასთან არ გვაქვს წვდომა – ვინაიდან იგი გადაცემამდე იშიფრება მოწყობილობაზე.
- აშკარაა, რომ ყველა კომპანია ინტერნეტში, ყიდულობს და ყიდის ჩემს მონაცემებს. ალბათ, არც თქვენ განსხვავდებით მათგან.
-
Mozilla არ ყიდის და არ ყიდულობს არანაირ მონაცემებს, თქვენ შესახებ.
- მოიცათ, აბა მაშინ როგორ შოულობთ ფულს?
-
Mozilla არაა ჩვეულებრივი დაწესებულება. ეს ერთობა 1998 წელს ჩამოყალიბდა ღია წყაროს მქონე პროექტის სახით, Mozilla არის განსაზღვრული მიზნის მქონე კომპანია, რომელიც მუშაობს ინტერნეტის სიჯანსაღის უზრუნველსაყოფად. Mozilla Corporation ძირითად შემოსავლებს იღებს Firefox-ბრაუზერის, თანამშრომლობისა და განთავსების შესახებ გარიგებების შედეგად სხვადასხვა საძიებო სისტემებთან, მთელ მსოფლიოში. ვრცლად ამ შემოსავლების შესახებ იხილავთ ჩვენს ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშში.
- კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია. რა მონაცემებს აგროვებთ?
-
Mozilla, ჩვეულებრივ აგროვებს შეზღუდული სახის მონაცემებს Firefox-იდან, რომელიც გვეხმარება მივიღოთ ინფორმაცია, ხალხის მიერ ბრაუზერით სარგებლობის შესახებ. ამ მონაცემების გამოსარჩევად გამოიყენება შემთხვევით შერჩეული ნიშნები, ნაცვლად მომხმარებლის სახელის ან ელფოსტისა. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი პირადი მონაცემების დაცვის განაცხადი და გაეცნოთ სრულ მასალებს, მონაცემთა აღრიცხვის შესახებ.
ჩვენ ყველა საბუთს ვასაჯაროებთ, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს, სიმართლეს ვლაპარაკობთ თუ არა, მოგვახსენეთ, თუ კიდევ რისი გაუმჯობესებაა საჭირო და გპირდებით, არაფერს დავმალავთ.
- ეს საბუთები არაფრისმთქმელია ჩემთვის! შეგიძლიათ გარკვევით და მარტივი ენით ამიხსნათ?
-
არსებობს ორი სახის მონაცემები, რომელსაც ჩვენ აღვრიცხავთ Firefox-ის საბოლოო ვერსიაში.
პირველია, ეგრეთ წოდებული „ტექნიკური მონაცემები“. ეს მონაცემები დაკავშირებულია თავად ბრაუზერთან და მოიცავს საოპერაციო სისტემის, შეცდომებისა და გათიშვების შესახებ მონაცემებს.
მეორეა, რომელსაც ვუწოდებთ „გამოყენების მონაცემებს“. იგი გულისხმობს მომხმარებლის ურთიერთქმედებას Firefox-თან, მათ შორის გახსნილი ჩანართების რაოდენობას, მითითებული პარამეტრების მდგომარეობას, ცალკეული შესაძლებლობების გამოყენების სიხშირეს, როგორიცაა ეკრანის გადამღები ან სათავსი ჩანართები. მაგალითად, ჩვენ აღვრიცხავთ მონაცემებს, უკუსვლის ღილაკის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება წინა გვერდზე დასაბრუნებლად, რითიც ვგებულობთ, თუ რამდენჯერ გამოიყენეს ეს ღილაკი, მაგრამ ეს არ გვაძლევს ინფორმაციას, უშუალოდ რომელ საიტებზე გადავიდა მომხმარებელი.
- Firefox-ის წინასწარ ვერსიებში, უფრო მეტ მონაცემებს აგროვებთ?
-
გარკვეულწილად. ზემოთ აღნიშნულის გარდა, დამატებით ვიღებთ გათიშვებისა და შეცდომების შესახებ მონაცემებს, Firefox-ის წინასწარ ვერსიებთან დაკავშირებით.
ამასთანავე, ჩვენ შეიძლება აღვრიცხოთ დამატებითი მონაცემები წინასწარ ვერსიებში, კვლევებისთვის. მაგალითად, ზოგიერთი კვლევა საჭიროებს „ვებსივრცეში მოქმედებების მონაცემებს“, რომელიც შეიძლება მოიცავდეს URL-მისამართებსა და სხვა სახის ინფორმაციას, გარკვეული საიტების შესახებ. ეს გვეხმარება წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში Firefox-ის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სასურველი საიტების, სხვადასხვა ენებზე უკეთ მოსარგებად.
Mozilla-ს წინასწარ გამოშვებული Firefox ვერსიები განკუთვნილია შემუშავებისთვის, რომელიც ხშირად ახლდება გამოსაცდელი შესაძლებლობებით. ჩვენ აღვრიცხავთ შედარებით მეტ მონაცემებს წინასწარ ვერსიებში, ვიდრე საბოლოოში, რომ გავარკვიოთ როგორ მუშაობს ეს საცდელი შესაძლებლობები და მზადაა თუ არა საბოლოო გამოშვებისთვის. პარამეტრებიდან, შეგიძლიათ შეაჩეროთ ამ მონაცემების გაგზავნა.
- და საერთოდ, რატომ აღრიცხავთ მონაცემებს?
-
თუ ჩვენ არ გვეცოდინება როგორ მუშაობს ბრაუზერი და რომელ შესაძლებლობებს იყენებს მომხმარებელი, ჩვენ ვერ შევძლებთ მის გაუმჯობესებასა და თქვენთვის სასურველი უმაღლესი ხარისხის პროდუქტის მოწოდებას. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევიმუშაოთ მონაცემთა აღრიცხვისა და დამუშავების ისეთი ხელსაწყოები, რომელიც დაგვეხმარება საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში, მომხმარებელთა პირადი მონაცემების ხელშეუხებლობის დაცვით.
- მონაცემთა შეგროვება მაინც მაწუხებს. შემიძლია გამოვრთო?
-
დიახ. მომხმარებლისთვის საკუთარი მონაცემების მართვის შესაძლებლობის მიცემა, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ დებულებას წარმოადგენს. ამის უზრუნველსაყოფად, Firefox-ში მოცემულია პირადულობის პარამეტრების გვერდი, რომელიც უფლებას უტოვებს ყველა მსურველს, თავად განკარგოს საკუთარი პირადი მონაცემები Firefox-ში. მაგ გვერდიდანაა შესაძლებელი მონაცემთა აღრიცხვის შეჩერება.
- და რას იტყვით, ჩემი ანგარიშის მონაცემებზე?
-
ჩვენ მუდამ ვემხრობით მონაცემთა, რაც შეიძლება მეტად შემცირების, ამიტომ არ ვითხოვთ იმას, რაც არაა საჭირო.
თქვენ არ გესაჭიროებათ ანგარიში, რომ გამოიყენოთ Firefox. ანგარიშებს საჭიროებს მონაცემთა დასინქრონება, მოწყობილობებს შორის, მაგრამ ამისთვის საკმარისია, მხოლოდ ელფოსტის მისამართის მითითება. ჩვენ არ ვითხოვთ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი და სატელეფონო ნომერი.
- ინფორმაციის გავრცელებისთვის, თქვენ ასევე იყენებთ ციფრულ დარეკლამებას. ყიდულობთ თუ არა, ხალხის მონაცემებს, გამიზნული ინტერნეტრეკლამების შექმნისა და მიწოდებისთვის?
-
არა, ჩვენ არ ვყიდულობთ ხალხის მონაცემებს, მიზნობრივი დარეკლამებისთვის.
ჩვენ ვთხოვთ ხოლმე ჩვენს სარეკლამო პარტნიორებს, რომ გამოიყენონ მხოლოდ პირველადი მონაცემები, რომელსაც საიტები და გამომცემლები ხედავენ მომხმარებლების შესახებ ანუ მხოლოდ ის, თუ რომელი ბრაუზერითა და მოწყობილობით შემოდიან საიტზე.
- კარგი, როგორც ჩანს თქვენ მართლა უზრუნველყოფთ ჩემი პირადი მონცემების უსაფრთხოებას.
-
დიახ, ნამდვილად ასეა.
იხილეთ ვრცლად, თუ როგორ ზრუნავს Mozilla ინტერნეტის უსაფრთხოებაზე.