საშუალოდ, ადამიანი დღეში 4,000 რეკლამას ნახულობს. თუ მიგაჩნიათ რომ ეს ზედმეტად ბევრია, რეკლამების შემზღუდავი დაგეხმარებათ.
რეკლამების შემზღუდავი, მცირე ზომის პროგრამაა, რომლითაც ხდება რეკლამების აკრძალვა, ორი გზით. ერთ შემთხვევაში, იზღუდება მომავალი სიგნალი სარეკლამო სერვერიდან, შესაბამისად რეკლამა ვეღარ ჩამოიტვირთება გვერდზე გამოსაჩენად. მეორე შემთხვევაში კი ხდება საიტის იმ არეების მოცილება, სადაც რეკლამები შეიძლება გამოჩნდეს.
ეს რეკლამები შეიძლება იყოს ხმამაღალი ვიდეოები, ან სარეკლამო საშუალებები, რომლებიც თან დაგყვებათ მთელ ინტერნეტში, თვალის მდევნელი, გარეშე საიტების ფუნთუშები და ა. შ. რეკლამების შემზღუდავის გამოსაყენებლად, შეგიძლიათ მოიძიოთ შესაბამისი დამატება, თქვენი ბრაუზერისთვის. მაგალითად Firefox-ს აქვს რეკლამების შემზღუდავი დამოწმებული დამატებების სია. დაწკაპეთ ამ სიაზე (ან თქვენი ბრაუზერისთვის განკუთვნილ რეკლამების შემზღუდავებზე) და შეარჩიეთ ის, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგება თქვენს საჭიროებებს.
შეგიძლიათ იხილოთ AdBlocker Ultimate, რომელიც ყველანაირ რეკლამას აცილებს, თუმცა პასუხისმგებლობით გამოყენებას მოითხოვს. ზოგიერთი თქვენი საყვარელი საგაზეთო და ახალი ამბების საიტი, სწორედ რეკლამებით იღებს შემოსავალს. თუ ბევრი ადამიანი შეზღუდავს რეკლამებს, შესაძლოა ეს მათი საქმიანობისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს.
ყველაზე საშინელი ამომხტომი რეკლამებია. მათ შესაზღუდად გამოიყენეთ Popup Blocker და აღარასდროს შეწუხდებით ამომხტარი ბანერებით.
ყველაზე მეტად გავრცელებული რეკლამების შემზღუდავი ბრაუზერებისთვის Chrome, Safari და Firefox, არის AdBlock. გამოიყენეთ რეკლამების შესაზღუდად საიტებზე Facebook, YouTube და Hulu.
Firefox-ზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ პირადულობის ან შიგთავსის შეზღუდვის პარამეტრები, კიდევ უფრო უკეთ სამართავად იმ სარეკლამო საშუალებების, რომლებიც რეკლამების შემოთავაზებას ცდილობენ.
დასაწყებად, დაწკაპეთ Firefox-ის მენიუზე ზედა მარჯვენა კუთხეში. იგი ჰგავს სამ ერთმანეთზე მოთავსებულ ხაზს. ჩამოშლილ მენიუში კი დაწკაპეთ შიგთავსის შეზღუდვას (Content Blocking). წესით იხილავთ ლურჯ არეს, სამი სხვადასხვა არჩევანით.
თუ რეკლამები არ გაღელვებთ და არ ფიქრობთ, რომ მეთვალყურეები და გარეშე ფუნთუშები თვალს გადევნებთ, ჩვეულებრივი დონე თქვენთვის მისაღები იქნება. მეთვალყურეების ასარიდებლად კი პირადი თვალიერების ფანჯრის გამოყენება შეგეძლებათ.
თუ ზედმეტად ბევრი რეკლამა გაღიზიანებთ, მაშინ მკაცრი დონე გამოგადგებათ. მოცემულ რეჟიმში ყველა ცნობილი გარეშე მეთვალყურე და ფუნთუშა შეიზღუდება Firefox-ის ნებისმიერ ფანჯარაში.
მორგებული პარამეტრები თავისუფალი არჩევანის საშუალებას გაძლევთ. თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ შეზღუდოთ თუ არა მეთვალყურეები, ფუნთუშები და ა. შ. თუ დაუშვებთ ფუნთუშებს რომელიმე საიტზე, თვითონ გადავა მორგებულ რეჟიმზე.
მეთვალყურეების უჯრის მონიშვნით შეძლებთ მათ შეზღუდვას ორი გზით. ერთ შემთხვევაში მხოლოდ პირად ფანჯრებში, მეორე შემთხვევაში ყველა ფანჯარაში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ფანჯარაში შეზღუდვის შედეგად, ზოგიერთი საიტი შეიძლება არასათანადოდ ჩაიტვირთოს.
ფუნთუშები გეგზავნებათ საიტების მონახულებისას. ისინი თავსდება თქვენს კომპიუტერში და თვალს ადევნებს, თუ რას აკეთებთ საიტზე. თუ ავიახაზები ზრდის თქვენს შეფასებას, რადგან ყოველდღე ათვალიერებთ ბილეთების ფასებს, ეს სწორედ ფუნთუშების დამსახურებაა.
Firefox-ში, შეგიძლიათ შეზღუდოთ ყველა გარეშე ფუნთუშა, ან მხოლოდ მეთვალყურეების მიერ დაყენებული. ყურადღება გამოიჩინეთ, ვინაიდან ყველა ფუნთუშის შეზღუდვით, ზოგი საიტი ვეღარ მუშაობს გამართულად.
თუ არ გსურთ თქვენი მოქმედებები ინტერნეტში რეკლამებისთვის გამოიყენონ, საიტებს შეგიძლიათ გაუგზავნოთ მოკრძალებული გზავნილი „გმადლობთ, არა“, Firefox-ში არ მითვალთვალო უჯრის მონიშვნით. ყველა საიტი არ იღებს ამგვარ მოთხოვნებს, მაგრამ რომლებიც იღებს, წყვეტს მომხმარებლის მონაცემების შეგროვებას.
ზოგ შემთხვევაში, რეკლამების შემზღუდავი გეხმარებათ გვერდების სწრაფ მონახულებაში. რეკლამის ჩატვირთვა, ანელებს ხოლმე გვერდის სრულად ჩატვირთვას. ამასთანავე, იგი ართულებს საიტზე სასურველი ინფორმაციის მონახვას, მით უფრო თუ გიწევთ ბანერის დახურვა, შიგთავსის სანახავად.
თუ გსურთ უკეთ გაერკვეთ რეკლამების შეზღუდვაში, ასობით გაფართოებაა ხელმისაწვდომი Firefox-ისა და სხვა ბრაუზერებისთვის. რეკლამების იმ შემზღუდავების გამოსაცდელად, რომელთაც Firefox იყენებს, დაწკაპეთ და ჩამოტვირთეთ ბრაუზერი, რომელიც ყველაფერზე წინ პირადულობას აყენებს.