Mozilla ძირითადი დებულებები

Mozilla-ს დებულებები, დაწერილი 2007 წელს, სრულად ასახავს ჩვენს ძირითად მიდგომებს. „ჯანსაღი ინტერნეტის პირობა“ დაიწერა დებულებების დანართად 2017 წელს, ჩვენი ღრმა ერთგულების გამოხატვისთვის იმ მიზნის მიმართ, რომ ინტერნეტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანისა და მთლიანად კაცობრიობის საჭიროებებს. ერთობლივად ამ ორი დოკუმენტით ხელმძღვანელობს საქმიანობისას Mozilla — თუ რას ვქმნით, რაში ვაბანდებთ და როგორ ვთანამშრომლობთ ერთობა.

შესავალი

ინტერნეტის მნიშვნელობა სულ უფრო მეტად იზრდება ჩვენს ცხოვრებაში.

Mozilla პროექტი არის გლობალური ერთობა იმ ადამიანების, რომელთაც სჯერათ, რომ გახსნილობა, სიახლეები და შესაძლებლობები არის გასაღები ინტერნეტის მუდმივი სიჯანსაღისთვის. ჩვენ ერთად ვმუშაობთ 1998 წლიდან, რომ უზრუნველვყოთ ინტერნეტის განვითარება იმ გზით, რომელიც ყველასთვის სარგებელი მოაქვს. ჩვენ ყველაზე უკეთ ვართ ცნობილი Mozilla Firefox ბრაუზერის შემქმნებით.

Mozilla პროექტი იყენებს ერთობაზე დაფუძნებულ მიდგომას, მსოფლიო დონის ღია წყაროს პროგრამების შესაქმნელად და ახალი სახის თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვქმნით ხალხის ერთობას, რომლებიც ჩაერთვებიან ინტერნეტის გახდომაში, თითოეული ჩვენგანისთვის.

ამ ძალისხმევის შედეგად, ჩვენ გამოვყავით დებულებების კრებული, რომელიც გვჯერა, რომ არის გადამწყვეტი ინტერნეტის სარგებლიანობის შენარჩუნებაში როგორც საზოგადოებრივი, ასევე კომერციული კუთხით. ამ დებულებებს გთავაზობთ ქვემოთ.

ამ წერილობითი დოკუმენტის მიზანია:

  1. ინტერნეტის მომავლის შესახებ Mozilla-პროექტის მონაწილეთა იმ ხედვის ნათლად ჩამოყალიბება, რომლის განხორციელებისკენაც უნდა ისწრაფვოდეს Mozilla Foundation;
  2. ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება, მიუხედავად მათი ცოდნისა და გამოცდილებისა ტექნიკურ სფეროში;
  3. რომ Mozilla-ს მონაწილეებმა და მოხალისეებმა იამაყონ ჩვენი საქმიანობით, რაც მეტ მოტივაციას შეგვმატებს;
  4. და შევთავაზოთ სხვებს სამუშაო პირობები, ინტერნეტის მიმართ ამგვარი ხედვისა ცხოვრებაში გასატარებლად.

ეს დებულებები თავისით არ შესრულდება. ინტერნეტის გახსნილობისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად ხალხია საჭირო - ხალხი, რომელიც იმუშავებს დამოუკიდებლად, ჯგუფურად და გაუძღვება სხვებს. Mozilla Foundation მტკიცედ ცდილობს Mozilla-ს პრინციპების ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. ჩვენ ვიწვევთ ყველას, რომ შემოგვიერთდნენ და ერთად ვაქციოთ ინტერნეტი საუკეთესო ადგილად თითოეული ჩვენგანისთვის.

დებულებები

  1. ინტერნეტი არის თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი — მთავარი შემადგენელია განათლების, ურთიერთობის, თანამშრომლობის, საქმიანობის, გართობისა და მთლიანად საზოგადოებრივი ცხოვრების.
  2. ინტერნეტი საერთაშორისო საჯარო რესურსია, რომელიც უნდა დარჩეს გახსნილი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი.
  3. ინტერნეტი უნდა იყოს სასარგებლო თითოეული ადამიანის ცხოვრებისთვის.
  4. ინტერნეტში უსაფრთხოება და პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა წარმოადგენს ადამიანის ძირითად უფლებებს და ვერ ჩაითვლება მეორეხარისხოვნად.
  5. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოარგონ ინტერნეტი საკუთარ სურვილებს.
  6. ინტერნეტის, როგორც საჯაროდ ხელმისაწვდომი საშუალებების ერთობლიობის სარგებლიანობა განისაზღვრება თავსებადობის დონით (ოქმების, მონაცემთა სახეების, შიგთავსის), დანერგილი სიახლეებითა და მონაწილეების დამოუკიდებლობის ხარისხით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  7. უფასო და ღია წყაროს პროგრამებს წვლილი შეაქვს ინტერნეტის, როგორც საჯარო რესურსის მშენებლობაში.
  8. გამჭვირვალე, ერთობაზე დაფუძნებული სამუშაო გარემო ზრდის მონაწილეობის სურვილს, პასუხისმგებლობასა და ნდობას.
  9. კომერციულ ჩართულობას ინტერნეტის შენებაში მეტი სარგებელი მოაქვს; წონასწორობის შენარჩუნება კი ფინანსურ მოგებასა და საზოგადოებრივ მოგებას შორის გადამწყვეტია.
  10. ინტერნეტის სარგებლიანობის გაზრდა არის ის მნიშვნელოვანი მიზანი, რომლისკენაც ღირს დროის, ყურადღებისა და გონებრივი ძალისხმევის მიმართვა.

განაცხადი ინტერნეტის სიჯანსაღის შესახებ

საყოველთაო და გახსნილი ინტერნეტი არის ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მძლავრი საშუალება ურთიერთკავშირისა და ურთიერთთანამშრომლობისთვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია კაცობრიობის განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვანი მიზნების ხორცშესხმა. იგი გზას უხსნის შემეცნებას, ურთიერთდახმარებაზე აგებული ადამიანური გარემოს შექმნასა და იმ დაბრკოლებების გადალახვას, რომელთაც ხალხი ყველგან აწყდება.

უკანასკნელ ათწლეულში ჩვენ ვიხილეთ ამ ყველაფრის არაერთი გამოვლინება. აგრეთვე, კარგად ვნახეთ, თუ რა ძალა აქვს ინტერნეტს განხეთქილების წარმოქმნაში, ურთიერთდაპირისპირების, ძალადობის, შუღლის გაღვივებაში და როგორ შეიძლება მისით საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ზემოქმედება. ამასთანავე, ჩვენ ვისწავლეთ, რომ უფრო მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მისწრაფებები ინტერნეტის გაჯანსაღებასთან დაკავშირებით. ასეც ვიქცევით.

ჩვენი თავდადება

  1. ვიღწვით ისეთი ინტერნეტის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც სრულად მოიცავს დედამიწის თითოეულ მოსახლეს — სადაც ცალკეული პიროვნებების ინტერნეტთან წვდომადობას, შესაძლებლობებსა და ხარისხს არ განსაზღვრავს მათი საცხოვრებელი ადგილი.
  2. ვიღწვით ისეთი ინტერნეტის შესაქმნელად, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, კეთილშობილურ ურთიერთობებსა და პიროვნების თვითდამკვიდრებას საზოგადოებაში.
  3. ვიღწვით ისეთი ინტერნეტის მხარდასაჭერად, რომელიც აამაღლებს კრიტიკულ აზროვნებას, დასაბუთებული შეხედულებებით მსჯელობას, ცოდნის გაზიარებასა და გადამოწმების ან დამტკიცების შესაძლებლობის მქონე ფაქტების გამოყენებას.
  4. ვიღწვით ისეთი ინტერნეტისთვის, რომელიც გააუმჯობესებს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობებს ადამიანთა განსხვავებულ ჯგუფებს შორის, საერთო საზოგადოებრივი სიკეთეების შესაქმნელად.

Mozilla-ს პირობა

Mozilla თავად და ყველა დაწესებულება, რომელსაც მოიცავს Mozilla, ვიღებთ პირობას, მხარს დავუჭერთ Mozilla-ს დებულებებს საქმიანობისას. სახელდობრ, ჩვენ:

  • ვქმნით და ხელს ვუწყობთ ღია წყაროს ტექნოლოგიებსა და საზოგადოებებს, რომლებსაც წვლილი შეაქვს მოცემული დებულებების განხორციელებაში;
  • ვქმნით და ვაწვდით მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ნაწარმს, რომელიც ასევე მხარს უჭერს მოცემულ დებულებებს;
  • ვიყენებთ Mozilla-ს ფასეულობებს (ინტელექტუალურ საკუთრებას, როგორიცაა საავტორო უფლებები და სავაჭრო ნიშნები, ქონებას, სახსრებს, მოპოვებულ სახელს), ინტერნეტის გახსნილობის შესანარჩუნებლად;
  • ვცდილობთ ეკონომიკური დოვლათის შექმნას საზოგადოებრივი სარგებლის მიღების მიზნით; ამავე დროს
  • Mozilla-ს მოცემული დებულებების მხარდაჭერას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ინტერნეტსივრცეში.

ჩვენ გვჭირდებით თქვენ ამ დებულებების ხორცშესხმისთვის

ამ მახასიათებლების მქონე ინტერნეტი თავისთავად ვერ ჩამოყალიბდება. საჭიროა ცალკეული ადამიანებისა და დაწესებულებების მხრიდან ამ მისწრაფებების გატარება ინტერნეტტექნოლოგიებსა თუ ინტერნეტცხოვრებაში. Mozilla-ს დებულებები და დანართი გამოხატავს Mozilla-ს ერთგულებას ამ მიზნებისადმი. Mozilla მზადაა ითანამშრომლოს ყველა იმ ხალხსა თუ დაწესებულებასთან, რომელთაც სურთ ინტერნეტგარემოს საყოველთაო გაუმჯობესება კიდევ უფრო მეტად.

თუ იზიარებთ ამ მიზანს, გვაცნობეთ, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ.

და, რა თქმა უნდა, მუდამ ვცდილობთ დავხვეწოთ Firefox და Thunderbird. ეს ყველაფერი კი გამიზნულია ხალხის დასახმარებლად ინტერნეტის ჯანსაღ გარემოდ ქცევის საქმეში.