Firefox

გეოლოკაცია ინტერნეტში მოგზაურობისას

Firefox-ს შეუძლია ვებსაიტებს აცნობოს თქვენი ადგილმდებარეობა, რაც თქვენზე მეტად მორგებული ინფორმაციის მიღების საშუალებას მოგცემთ. ეს კი ინტერნეტს, მეტად სასარგებლოს გახდის – და ეს ყველაფერი თქვენი პირადი მონაცემების ხელყოფის გარეშე. გამოსცადეთ!

ხშირად დასმული კითხვები

რა არის გეოლოკაცია ინტერნეტში მოგზაურობისას?

ვებსაიტებს, რომლებიც მომსახურებისთვის ადგილმდებარეობით სარგებლობენ, შეუძლიათ მოგთხოვონ თქვენი ადგილმდებარეობა თქვენთვის უფრო სასარგებლო ინფორმაციის ან ძიების დროის შემცირების მიზნით. მაგალითად, თუ საკუთარ რეგიონში ახლომდებარე კაფეს ეძებთ. თუ ვებსაიტს თქვენგან უკვე მიღებული აქვს გეოლოკაციის მონაცემები შესაძლოა მოძიებისთვის მხოლოდ ერთი სიტყვის შეტანა დაგჭირდეთ - "კაფე"... ასეთ შემთხვევებში თქვენი მისამართის ან მდებარეობის მითითება აღარ დაგჭირდებათ.

ან, თუ რაიმე მოგზაურობის დაგეგმვას აპირებთ, საიტს უკვე ეცოდინება მარშრუტის საწყისი წერტილი და მისი მითითება აღარ დაგჭირდებათ.

ამ მომსახურებით სარგებლობა, მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული – პატივს სცემს რა თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებას, Firefox არავის გაუმხელს თქვენს ადგილმდებარეობას, თქვენი თანხმობის გარეშე. ყველა სხვა Firefox მომსახურების მსგავსად, ესეც შექმნილია ღია სტანდარტებით, რომ ვებ-შემმუშავებლებს გაუადვილოს საქმიანობა.

როგორ მუშაობს ეს?

როდესაც ისეთ ვებსაიტს სტუმრობთ, რომელიც თქვენგან ადგილმდებარეობას ითხოვს, Firefox ბრაუზერი დაგეკითხებათ - გნებავთ თუ არა ამ მონაცემების გაზიარება.

თანხმობის შემთხვევაში Firefox შეაგროვებს ინფორმაციას უახლოესი უკაბელო წვდომის წერტილების და თქვენი კომპიუტერის IP მისამართის შესახებ. ამის შემდეგ Firefox ამ მონაცემებს გეოლოკაციის მომსახურების ნაგულისხმებ პროვაიდერს (Google Location Services) გაუგზავნის, რათა მან თქვენი მიახლოებითი ადგილმდებარეობა განსაზღვროს. საბოლოოდ ვებსაიტს სწორედ ეს მონაცემები გადაეგზავნება.

თქვენს მიერ აკრძალვის შემთხვევაში Firefox ბრაუზერი არაფერს მოიმოქმედებს.

რამდენად ზუსტია გეოლოკაცია?

გეოლოკაციის სიზუსტე დიდადაა დამოკიდებული იმაზე თუ სად იმყოფებით. ზოგან თქვენს პროვაიდერებს ადგილმდებარეობის დადგენა რამდენიმე მეტრის სიზუსტით შეუძლიათ. თუმცა, სხვა რეგიონებში სიზუსტე შესაძლებელია ბევრად ნაკლები აღმოჩნდეს. თქვენი პროვაიდერის მიერ განსაზღვრული ყველა ადგილმდებარეობა მიახლოებითია და მის სიზუსტეზე გარანტიას არ ვიძლევით. გთხოვთ ნუ დაეყრდნობით ამ მონაცემებს სხვა მნიშვნელოვან შემთხვევებში. ყოველთვის გამოიყენეთ დაზუსტებული მონაცემები.

რა ინფორმაცია იგზავნება და ვისთან? როგორაა დაცული ჩემი პირადი მონაცემები?

თქვენი პირადი მონაცემების დაცულობა, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. Firefox არავის აცნობებს თქვენს ადგილმდებარეობას თქვენივე სურვილის გარეშე. თუ საიტი, რომელსაც სტუმრობთ, ამგვარ ინფორმაციას მოითხოვს, მის გადაცემამდე, ყოველთვის დაგეკითხებათ.

ნაგულისხმებად Firefox ბრაუზერი თქვენი ადგილმდებარეობის დასადგენად სარგებლობს გეოლოკაციის მომსახურებით Google Location Services და მას უგზავნის:

  • თქვენი კომპიუტერის IP მისამართს,
  • ინფორმაციას უახლოესი უკაბელო წვდომის წერტილების შესახებ
  • კლიენტის შემთხვევით იდენტიფიკატორს (ანიჭებს თავად Google), რომლის ვადაც 2 კვირაში გადის.

Firefox ბრაუზერის მიერ შეგროვებული და გამოყენებული მონაცემების სრულ აღწერილობის სანახავად, გაეცანით Firefox პირადი მონაცემების დებულებას.

Google Location Services ამის შემდეგ მოითხოვს თქვენს მიახლოებით ადგილმდებრეობას (მაგალითად, გრძედი და განედი). Google მომსახურების მიერ შეგროვებული და გამოყენებული მონაცემების სრულ აღწერილობას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე Google Geolocation პირადი მონაცემების დებულება.

თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოებისთვის, კავშირი დაშიფრულია. როგორც კი Firefox თქვენი ადგილმდებარეობის მონაცემებს მიიღებს, მაშინვე გადასცემს საიტს. მონახულებული საიტის არც სახელი, არც მისამართი და არც ფუნთუშები, არ გადაეცემა Google Location Services-ს.

არც Mozilla და არც Google არასოდეს გამოიყენებს Google Location Services მომსახურების მიერ შეგროვებულ ინფორმაციას და არასოდეს დაგიწყებთ თვალთვალს.

იმის გასაგებად, თუ რა მიზნით იყენებს საიტი თქვენგან მოთხოვნილ ინფორმაციას, გაეცანით თავად საიტის პირადი მონაცემების დაცვის დებულებას (წესით, მას ასეთი უნდა გააჩნდეს).

თქვენს პირად მონაცემებზე, ვრცლად იხილეთ:

თვალყურს მადევნებენ ინტერნეტში ყოფნისას?

არა. Firefox ადგილმდებარეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგეკითხებათ თუ ამას ვებსაიტი მოითხოვს და მას მხოლოდ თქვენი თანხმობით გაუზიარებს. სხვა შემთხვევაში თქვენი ინტერნეტში მოგზაურობისას Firefox თქვენს ადგილმდებარეობას არ იმახსოვრებს.

როგორ გავაუქმო საიტისთვის ადრე მიცემული ნებართვა?

თუ Firefox ბრაუზერს ნება დართეთ ყველა საიტს მიუთითოს თქვენი ადგილმდებარეობა და შემდეგ გადაიფიქრეთ - ამ უფლების გაუქმება ყოველთვის შეგიძლიათ. ამისათვის:

  • გადადით შესაბამისი ნებართვის მქონე საიტზე
  • მენიუდან სამარჯვები შეარჩიეთ გვერდის მონაცემები
  • გამოიძახეთ დაფა უფლებები
  • შეცვალეთ პარამეტრი ადგილის გაზიარება

როგორ ამოვრთო გეოლოკაცია სრულად?

ადგილმდებარეობის დადგენა Firefox ბრაუზერით ინტერნეტში მოგზაურობისას მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით ხორციელდება. თუ კომპონენტის სრულად ამორთვა გსურთ, შეასრულეთ შემდეგი ქმედებები:

  • მისამართის პანელში შეიტანეთ about:config
  • შეიტანეთ geo.enabled
  • ორმაგად დაწკაპეთ პარამეტრი geo.enabled
  • ადგილმდებარეობის დადგენა ბრაუზერით ინტერნეტში მოგზაურობისას ამოირთვება

როგორ შემიძლია ჩემს ვებსაიტზე გეოლოკაციის დამატება?

თქვენს მომსახურებაში გეოლოკაციის მხარდაჭერის ინტეგრირება შეგიძლიათ Mozilla-ს დეველოპერების ცენტრის მითითებების შესაბამისად.